პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ამჯერად სოციალურ პლატფორმა X-ზე ეხმაურება თბილისში, რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქციის დაშლას და წერს, რომ "სრულიად გაუმართლებელი, არაპროვოცირებული და არაპროპორციული" ძალის გამოყენება მიმდინარეობს თბილისში, მშვიდობიანი მომიტინგეების წინააღმდეგ.“
"სრული პასუხისმგებლობა მთლიანად ხელისუფლებას ეკისრება. ქართველ ხალხს მშვიდობიანი პროტესტის უფლება წაართვეს," - წერს პრეზიდენტი სოციალურ ქსელ X-ზე.
სახალხო დამცველის შეფასებით, პოლიციამ მანიფესტანტების მიმართ სპეციალური საშუალებების გამოყენება, აუცილებელი და პროპორციული ჩარევის სტანდარტის დარღვევით დაიწყო.
პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი მიმართავს შინაგან საქმეთა სამინისტროს, შეწყვიტოს თბილისის ქუჩებში მშვიდობიანი აქციის დაშლა.
შეგახსენებთ, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ კანონპროექტის ხელახალ შემობრუნებას ხალხმრავალი პროტესტი მოჰყვა. აქციის მონაწილეები, მათ შორის, ახალგაზრდები ხელისუფლებას კანონპროექტის უკან გაწვევისკენ მოუწოდებენ. საქართველოს საერთაშორისო პარტნიორების შეფასებით, ხსენებული კანონპროექტი მიღების შემთხვევაში საქართველოს ევროპულ გზას დააშორებს. პარლამენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ სადავო კანონპროექტი, პირველი მოსმენით, პროტესტის ფონზე მიიღო. კანონის საბოლოოდ მისაღებად საჭიროა მეორე და მესამე მოსმენა.